მოგვწერეთ





შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვაში ევროპის ბიზნეს ასოციაცია ჩაერთო

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვაში ევროპის ბიზნეს ასოციაცია ჩაერთო

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატორები ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დიმიტრი ცქიტიშვილმა და თამარ ხულორდავამ ასოციაციის წევრებს კანონპროექტის დეტალები გააცნეს და მათგან რეკომენდაციები მოისმინეს. დიმიტრი ცქიტიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, შრომის კოდექსის ცვლილება იყოს მრავალმხრივი პროცესი და ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს.

„როდესაც საქმე ეხება შრომის კოდექსს, აუცილებელია, რომ მხარეებს შორის იყოს დიალოგი. ეს მხარეებია არიან დასაქმებულთა ინტერესების დამცველები და ბიზნეს ასოციაციები, რომელთან ერთადაც უნდა მოხდეს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება მიზანს, რომ ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების პოზიციები მოვისმინოთ. მათი ჩართვა დისკუსიებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, თითოეული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ დასაქმებულების ინტერესების სასიკეთოდ, ასევე უნდა ემსახურებოდეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და თანამედროვე სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ბიზნესის შექმნას,“ – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

ევროპის ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა ღიად მიმდინარეობს და დაინტერესებულ მხარეებს აქვთ საშუალება, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ. მათივე თქმით, საქართველო ცდილობს, სფეროში ევროპული სტანდარტები დანერგოს, რაც მისასალმებელია.

„ევროპის ბიზნეს ასოციაცია საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას მიესალმება. კანონში ცვლილებების შეტანა დადებითად იმოქმედებს ექსპორტსა და განვითარებაზე. ცხადია, ჩვენ გავეცით გარკვეული რეკომენდაციები და მოხარულები ვართ, რომ პროცესი ღიად მიმდინარეობს. ჩვენი ბიზნეს ასოციაცია თანამშრომლობს ევროკავშირთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სრულად მივაწვდით. ვფიქრობ, საქართველოს აქვს საშუალება, შექმნას ისეთი ბიზნესგარემო, როგორც ევროპაშია. უნდა შემუშავდეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ქართული ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ ადაპტირდება,“ – განაცხადა ევროპის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ ჯონ ბრაეკე ველდტმა.

როგორც ცნობილია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი  და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შრომის კოდექსი გაუმჯობესდება და დაიხვეწება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალის გაფართოება და დაზუსტება; ნორმირებული და ზეგანაკვეთური შრომის ცნებების დადგენა; შვებულების, დასვენებისა და შესვენების სტანდარტების დადგენა; დასაქმებულებსა და დამსაქმებლებს შორის კონსულტაციების გამართვის სამართლებრივი რეგულაცია, სტაჟირების მექანიზმის შემოტანა შრომით ურთიერთობებში და სხვა.  ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს შრომის კოდექსის მოთხოვნების აღსრულების ეფექტურ მექანიზმებს და შრომის ინსპექციის სამართლებრივი ინსტიტუტის შექმნას.

საკითხის სპეციფიკიდან და მისი კომპლექსურობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვის პროცესში აუცილებელია დაინტერესებული მხარეების აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფა. მათ შორის, პროფესიული კავშირებისა და ბიზნეს გაერთიანებების წარმომადგენლების ჩართულობა და მხარეთა პოზიციების მაქსიმალური დაახლოება.