მოგვწერეთ





შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ

შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორები კანონპროექტს დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ

22 ოქტომბერს პარლამენტში შრომის კოდექსის რეფორმის ინიციატორებმა დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ბიზნესასოციაციის, პროფკავშირების, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალურად განიხილეს ცვლილებათა პაკეტი და კანონპროექტის ინიციატორებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მთავარი თემა იყო სამუშაო და დასვენების დროის რეგულირების საკითხი.

როგორც კანონპროექტის ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი ამბობს, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსაზრებათა გაჟღერება და პოზიციების მაქსიმალურად დაახლოებაა.

„გვჭირდება ერთი მხრივ დასაქმებულების ინტერესების, მეორე მხრივ კი დამსაქმებლების მოსმენა, მათი პოზიციების დაახლოება, რადგან შრომით ურთიერთობებში გადაწყვეტილებები მიიღება კონსულტაციების გზით. რამდენად შესაძლებელია ხედვების შეჯერება, ამას გვანახებს ეს დღეები, როცა ჩვენ გვექნება განხილვები. ყველა დაინტერესებული მხარე უნდა ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, გამოთქვას საკუთარი პოზიცია, თუ როგორ გავაუმჯობესოთ შრომითი გარემო ქვეყანაში. უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომლებიც შრომით უფლებებს დაიცავს და რაც მთავარია, ეს უნდა მოემსახუროს ბიზნესის განვითარებას, რადგან უფრო დაცული დასაქმებული უფრო პროდუქტიულ თანამშრომელს ნიშნავს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საჯარო განხილვას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. მისი თქმით, ევროკავშირი მიესალმება მსგავს რეფორმებს საქართველოში და მზად არის, მაქსიმალურად ჩაერთოს ცვლილებების განხილვაში.

„ეს პროექტი მხოლოდ ერთეულ ადამიანებს არ ეხება. ეს არის საზოგადოებაზე მორგებული პროექტი, რომლის მთავარი პრინციპიც ადამიანის უფლებების დაცვა და პატივისცემაა. კანონპროექტი ადამიანს აძლევს განვითარებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობას. მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, მიხარია, რომ ამ საკითხზე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ განვაგრძობთ კანონპროექტის შესწავლას და რამდენიმე კვირაში კვლავ შემოგიერთდებით განხილვებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ეს არის პირველი შეხვედრა საჯარო განხილვების ციკლიდან და მსგავსი ფორმატის დისკუსიები რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გაიმართება.