მოგვწერეთ





დისკრიმინაციის აკრძალვა, დეკრეტული შვებულება და ქალთა უფლებები – შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

დისკრიმინაციის აკრძალვა, დეკრეტული შვებულება და ქალთა უფლებები – შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა გრძელდება

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები კანონპროექტის ინიციატორებმა, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, უკვე მეორე საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. დღევანდელი დისკუსიის მთავარი თემები შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა, ქალთა უფლებების გაძლიერება და დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იყო. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მიიღეს დამსაქმებელთა ასოციაციის, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატის, კერძო და არასამთვრობო სექტორის, ასევე, ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„დღევანდელ შეხვედრაზე დისკრიმინაციისა და დეკრეტული შვებულების საკითხებს განვიხილავთ. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების სტანდარტების გათანაბრება კერძო და საჯარო სექტორში მნიშვნელოვანია როგორც გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, ასევე დემოგრაფიული და მამების ჩართულობის თვალსაზრისითაც. ცხადია, ზოგიერთი კომპანია ახალისებს ამ პროცესს და ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას, თუმცა, ვფიქრობთ, პროცესში სახელმწიფოც უნდა ჩაერთოს. ბიზნესი, ამ შემთხვევაში, უფრო მოქნილი იქნება და თავისუფლად დაასაქმებს ქალებსაც, კაცებსაც, რადგან დეკრეტული შვებულების ანაზღაურება კომპანიისთვის ტვირთი აღარ იქნება,“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

დღეს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები არ აქვთ დამსაქმებელთა ასოციაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

„დღევანდელი შეხვედრა იქნება ყველაზე ადვილი, რადგან განვიხილავთ იმ ნაწილს, რომელზეც ყველანი ვთანხმდებით. აუცილებელია დისკრიმინაციასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე და, რა თქმა უნდა, დისკრიმინაციის საფუძველზე არ შეიძლება თანამშრომლის გათავისუფლება. მეორე მნიშვნელოვანი და დადებითი ცვლილებაა დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებული შემოთავაზებები. ეს ცვლილება შესაძლებელს გახდის, რომ დასაქმებულს ანაზღაურების 80%-ი სახელმწიფომ გადაუხადოს, დამსაქმებელმა კი, თავის მხრივ, დანარჩენი 20%-ი დააბალანსოს. შედეგად, მშობელს აქვს განცდა, რომ არ ეკარგება შემოსავალი. კიდევ ერთი დადებითი ცვლილება, რომელსაც პირადადაც მივესალმები, ეს არის მამის დეკრეტული შვებულების ინსტიტუტის შემოტანა,“ – აღნიშნავს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაია.

კანონპროექტის ინიციატორები საჯარო შეხვედრებს მხარეთა ფართო მონაწილეობის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების აქტიური ჩართულობისა და მათი პოზიციების მაქსიმალური დაახლოების მიზნით მართავენ. მათი განცხადებით, აუცილებელია, მიღებული იქნას კომპრომისული, პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს. კანონპროექტის მომზადებასა და მისი საჯარო განხილვების ორგანიზებაში ჩართულები არიან საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) და გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA). საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია არსებული შრომის კოდექსის გაუმჯობესება და დახვეწა.