მოგვწერეთ





შრომითი უფლებებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სტანდარტები

მოგვწერეთ
რეფორმის წინაპირობები

საქართველოში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა 2006 წლიდან, როდესაც მოხდა შრომის კანონმდებლობის სრული ლიბერალიზაცია, ხოლო შრომის ინსპექცია რეფორმირების ნაცვლად საერთოდ გაუქმდა. ცვლილებების დეკლარირებული მიზანი გახლდათ უცხოური ინვესიტიციების წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თუმცა დასაქმების კუთხით ამ ნაბიჯებს პოზიტიური შედეგი არ მოჰყოლია. არც ბაზრის თვითრეგულირების პრინციპმა უზრუნველყო შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების თანდათანობითი განვითარება ქვეყანაში.

შედეგად, წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად უარესდებოდა შრომითი უფლებების დაცვა, ხოლო შრომის უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა.

ძირეული ცვლილებები 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც შრომის კოდექსში განხორციელდა ცვლილებების პირველი ტალღა და კანონში გამოჩნდა დებულებები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებების დაცვის გარკვეულ სტანდარტებს უზრუნველყოფდა.

2015 წელს შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც პირველ ეტაპზე შემოწმების უფლება მხოლოდ კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე ჰქონდა და მისი გადაწყვეტილებაც მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.

2018 წლიდან, შრომის უსაფრთხოების შესახებ ორგანული კანონის მიღებით, შრომის ინსპექციას მიენიჭა კომპანიების შემოწმებისა და სანქცირების მანდატი.

მიუხედავად ამ ცვლილებისა, დღეს არსებული კანონმდებლობა ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულების უფლებების სრულფასოვან დაცვას. ამავდროულად, კანონში არსებული ხარვეზებიდან გამომდინარე, რეალურად შეუსრულებელი რჩება არსებული კანონის მოთხოვნებიც. შრომის კოდექსით გათვალისწინებული უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებად რჩება სასამართლო დავის წამოწყება დამსაქმებელთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში, დამატებით ფინანსურ ხარჯებთან და დიდ დროსთან არის დაკავშირებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დროდადრო უფრო იმატებს გაფიცვების შემთხვევები, როდესაც დასაქმებულები საკუთარ უკიდურეს უკმაყოფილებას პროტესტის მწვავე ფორმებით გამოხატავენ, რაც აზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ კომპანიებს, არამედ ქვეყნის სოციალურ მშვიდობასა და ეკონომიკურ მდგრადობას უქმნის საფრთხეს.

შრომის კოდექსის რეფომა ასევე გამომდინარეობს ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებიდან, რადგანაც შრომის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი არის აუცლებელი წინაპირობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებისას.

შრომის უფლებების დაცვის საკითხები ასახულია ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ასევე აშშ-ის განზოგადებული პრეფერენციების სისტემა (ვაჭრობის სპეციალური რეჟიმი) ითვალისწინებს შრომითი უფლებების და შრომითი უსაფრთხოების სტანდარტების ფორმირებას ქვეყანაში.

რეფორმის შესახებ

საქართველოში იგეგმება შრომის კოდექსის რეფორმა, რაც გულისხმობს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას შრომის არსებულ კოდექსში და შრომის ინსპექციის შესახებ სრულიად ახალი კანონის მიღებას. რეფორმის ინიციატივა წამოვიდა პარლამენტიდან და მას კოორდინაციას „ქართული ოცნების“ წევრი პარლამენტარების ჯგუფი უწევს. ეს ცვლილებები იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რაც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია. ასევე, რეფორმა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას და პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც სამართლიანი და კონკურენტული ეკონომიკური გარემოს შექმნის წინაპირობაა.

შრომის კანონმდებლობის რეფორმა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა:

  • შრომითი დისკრიმინაციის აკრძალული ნიშნების ჩამონათვალის დაზუსტება;
  • ქალისა და მამაკაცის თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურების საკითხები;
  • შრომითი ხელშეკრულებები;
  • სტაჟირება;
  • სამუშაო დრო, ცვლაში მუშაობა, ღამის სამუშაო;
  • დეკრეტული შვებულება (დედობის, მამობის და მშობლის შვებულება)
  • შრომის ანაზღაურება;
  • შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და წესი;
  • მასობრივი დათხოვნა;
  • საწარმოს გადაცემა ;
  • მედიაციის შედეგების აღსრულება;
  • ინფორმაცია და კონსულტაცია სამუშაო ადგილზე;
  • კანონის აღსრულება და შრომის ინსპექცია;